ივანე მაჭავარიანი - პირველ კვარტალში ინვესტიციები, ეკონომიკური აქტივობა დაბალი რომ იქნებოდა, არანაირ ეჭვს არ იწვევს
ივანე მაჭავარიანი - პირველ კვარტალში ინვესტიციები, ეკონომიკური აქტივობა დაბალი რომ იქნებოდა, არანაირ ეჭვს არ იწვევს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მოლოდინები არსებობდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კლებასთან დაკავშირებით.

ფინანსთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებზე, რომლის თანახმადაც, პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.

„პანდემია უფრო ადრე იყო დაწყებული მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი პანდემიამდეა? არა, საქართველოში ჯერ არ იყო. მაგრამ, თქვენ იცით, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ჩვენთან შეიქმნა იანვრის ბოლოს. ესე იგი, მოლოდინები არსებობდა. თქვენ თუ გგონიათ, რომ მოლოდინები არსებობდა საქართველოში და სხვაგან არ იცოდნენ რა ხდებოდა, ძალიან ცდებით“, – მიმართა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ზოგადად, ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების კუთხით, ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი, არანაირ ეჭვს არ იწვევს.

„ის, რომ აპრილში უკვე მინუს 16 პროცენტიანი შემცირება იყო ეკონომიკის, ეს თქვენ გგონიათ, რომ ერთ თვეში მოხდა და ამას წინ არაფერი არ უძღოდა? შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კითხვა არ არის სამართლიანი თუ კონტექსტი არის ის, რომ მთავრობა ვერ ახერხებდა და საინვესტიციო გარემო გაუარესდა პანდემიამდე და პანდემიისგან დამოუკიდებლად აქ რამე გაფუჭდა, ეს არ არის მართალი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.