წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან გაერთიანებული სამეფო – 247.8 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი – 236.5 მლნ აშშ დოლარი, ირლანდია – 132.7 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 99.0 მლნ აშშ დოლარი, პანამა – 78.1 მლნ აშშ დოლარი, ნიდერლანდი – 52.9 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 50.5 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი – 40.4 მლნ აშშ დოლარი და იაპონია – 39.2 მლნ აშშ დოლარი. პირველი სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება 2019 წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალს შედეგს, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეოთხე კვარტალში 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეოთხე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 36.1 პროცენტით, მეორეზე თურქეთი – 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი – 13.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის მეოთხე კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლნ. აშშ დოლარით.