გიორგი ხიშტოვანი - საქართველოში საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია
გიორგი ხიშტოვანი - საქართველოში საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციაზე, ეკონომიკური მიმოხილვისასპიემსი კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა საქართველოში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, 2019 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით არის შემცირებული.

„ბუნებრივია ეს ტრენდი უარყოფთია. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თუმცა ორი ფაქტორია, რომელზედაც ყურადღების გამახვილება ღირს. პირველი – საერთაშორისო ტრენდი. მსოფლიოში ზოგადად შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლება, აქედან გამომდინარე ანალიზისას ამ ტრენდის გაუთვალისწინებლობა არასწორი გვგონია. მეორე ფაქტორი ეხება დიდ პროექტებს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საქართველოში საერთო აგრეგირებულ მონაცემებზე. საერთაშორისო პროექტების გამოკლებით, მაინც ჩანს მცირე კლების ტრენდი, თუმცა დრამატული სურათი რომ მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა არ იკვეთება“, – აღნიშნა ხიშტოვანმა.

მისი შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. კერძოდ, 2019 წლის სამი კვარტლის მიხედვით, ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან თურქეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და პანამა.

„ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ერთჯერადი ინვესტიცია მაგალითად ირლანდიის შემთხვევაში, მაგრამ პროცენტული გადანაწილება გვეუბნება, რომ ზოგადად საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ძირითადი სექტორები სადაც ინვესტიციები იდება ესენია – ენერგეტიკა, სასტუმროები და რესტორნები, ფინანსური სექტორი და მრეწველობა. როგორც წესი, როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება მშპ-სთან მიმართებით. აქ, სურათი საკმაოდ ოპტიმისტურია და 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს ამ მაჩვენებლით. მიუხედავად იმისა, რომ კლება გვქონდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. 2017 წელს ვიყავით მე-12 ადგილზე, 2018 წელს მე-10-ზე. საქართველო ინვესტიციების 7 პროცენტიანი მაჩვენებლით ლიდერ პოზიციაზე იმყოფება“, – განაცხადა ხიშტოვანმა.

საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვისას მან აღნიშნა, რომ 2019 წელს ქვეყანაში 5,2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ექსპორტი გაიზარდა 12 პროცენტით, ხოლო იმპორტი ერთი პროცენტით შემცირდა. ხიშტოვანის შეფასებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად პიკს აღწევს.

თბილისში სახელწოდებით – „საქართველო და მსოფლიო 2020” ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.