"საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მიზანი აერთიანებს "
ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფორმების პროცესში გამოცდილების გაზიარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთა პაველ ფილიპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი – ეს არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.
“ჩვენ, ორმხრივი შეხვედრის დროს, გვქონდა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების თაობაზე. მინდა, ნამდვილად ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე – მოლდოვის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ფილიპის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. მინდა, მივულოცო მას ეს წარმატება, რომელიც უდავოა და სახეზეა. მოლდოვაში მიმდინარეობს ძირეული, ფუნდამენტური რეფორმები ევროინტეგრაციის მიმართულებით და მთლიანობაში, სამთავრობო და ინსტიტუციური რეფორმები, რაც ნამდვილად საჭიროებს აღნიშვნას, ვინაიდან ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის წარმატება ძალიან გვახარებს, რადგან ერთ სტრატეგიას მივუყვებით და ეს არის ევროინტეგრაციის სტრატეგია. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება საერთო მიზნის მიღწევაში.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოც და მოლდოვაც მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ და დგანან გასული 25 წლის განმავლობაში. ეს გამოწვევებიც ისევე მსგავსი გვაქვს, როგორც ჩვენი მისწრაფებები”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა მუდმივად აერთიანებდა.
“აღნიშნულის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ჩვენს კიდევ ერთ საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფორუმზე, რომელიც ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში გავმართეთ, ჩამოვიდა წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაციაც, რასაც ჩვენ მივესალმებით. 27 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ და ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას,კონკრეტულად – ამ განზომილებისა, რასაც ჰქვია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.