საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება 3 აპრილს, 18:00 საათიდან დაიწყება
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს ზეიმობს. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში 3 აპრილს, დიდ შაბათ დღეს, საღამოს, 18:00 საათიდან დაიწყება. აღევლინება ჭრაგალუიცის (აღდგომის წინა დღის) საღმრთო ლიტურგია.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის წინამძღოლობით, ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინება ავლაბრის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში.
აღდგომის დღესასწაულზე, კვირას, 4 აპრილს, 11:00 საათზე ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი საღმრთო ლიტურგიას თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ინფორმაციას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს.