საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აცხადებენ, რომ ბზობისა და აღდგომის რიტუალებს შეცვლილ ფორმატში ჩაატარებენ
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აცხადებენ, რომ ბზობისა და აღდგომის რიტუალებს შეცვლილ ფორმატში ჩაატარებენ

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სადღესასწაულო რიტუალებს შეცვლილ ფორმატში ჩაატარებენ. მრევლს შეეძლება, წირვა გამაძლიერებლების საშუალებით ეზოში მოისმინოს, სადაც ისინი დისტანციის დაცვით განლაგდებიან. ეკლესია ლიტურგიის ონლაინ ტრანსლირებასაც განახორციელებს, რათა მორწმუნე მრევლმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიღება.

აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, 5 აპრილს, ბზობის დღესასწაულის წირვა 11:00 საათზე ჩატარდება თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში. როგორც საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აცხადებენ, ახალგაზრდა მოხალისეები გააკონტროლებენ, რომ დაცული იყოს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული შეზღუდვები. აღნიშნული წესი იმოქმედებს შაბათს საღამოსაც. ჭრაქალუიცის წირვა დაიწყება 17:30 საათზე და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

აღდგომის დღესასწაულზე, 12 აპრილს, თბილისის ორივე ეკლესიაში წირვა 10:30 საათზე დაიწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვით დასრულდება.

„რაც შეეხება აღსარების ჩაბარებას და ზიარების მიღების წესს, მე-4 საუკუნიდან სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის კანონებით, არსებობს როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალური აღსარების ჩაბარებისა და ზიარების მიღების წესი, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ინდივიდუალურად შეუძლია, მოძღვარს ჩააბაროს აღსარება და მიიღოს ზიარება. ეს კანონი უფლებას ანიჭებს სასულიერო პირს, შეხვდეს მორწუნეს და განახორციელოს ეს რიტუალი. სახლში მყოფ ხანდაზმულებს და ავადმყოფ ადამიანებს, ტელეფონის საშუალებით, წინასწარ შეეძლებათ, მოიწვიონ სასულიერო პირი სახლში და მიიღონ ზიარება. მოძღვარი ტელეფონითვე შეატყობინებს მრევლს, ქალაქის რომელ უბანს რა დროს ეწვევა“, – აცხადებენ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

მათივე ცნობით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით, ბზის ტოტების კურთხევა და ზიარების მიღება, მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ ტაძარში მომსახურე მოძღვრებთან.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ორივე ეკლესია თბილისში ღიაა ყოველ დღე დილის 08:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ეკლესიაში დროებით ნებადართულია მრევლისგან მხოლოდ სამი მორწმუნის ერთდროულად ჰყოფნა.