საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს [ფოტო]
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე, ამ ეტაპზე, უცნობია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება. უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მსოფლიო საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართა.
ამასთან, სხდომის დაწყებამდე, კასპისა და სამთავისის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ აღნიშნა, რომ მისთვის განსახილველი საკითხები უცნობია და სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი კი, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იყოს.
ასევე, საპატრიარქოში შესვლამდე მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა აღნიშნა, რომ მათთვის განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია და განცხადება სხდომის შემდეგ საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდება.
ამასთან, როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ის ელოდება, რომ პატრიარქი მეუფე შიოზე განმარტებას გააკეთებს.
სინოდის სხდომის განჩინება მოგვიანებით გამოქვეყნდება.
წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ტარდება.
წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. ბოლო სხდომა გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.