მეუფე იაკობი - პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი
მეუფე იაკობი - პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა. კითხვაზე, პატრიარქის უფლებამოსილების შეჩერებაზე თუ იყო საუბარი სინოდის დღევანდელ სხდომაზე, მეუფემ აღნიშნა: „მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ? სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს“.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, წმინდა სინოდის სხდომაზე დღეს ყველა ძირითადი საკითხი იყო განხილული.

„გავიართ მძიმე საკითხები. იცით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან დიდი ტრაგედია ხდება. გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამრთლიანობა არ დაიკარგოს. ასევე, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს, რადგან იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი, რომ აფხაზეთი აღიარა და ამიტომ ჩვენი ეკლესია იქ დგას, სადაც საქართველო და ქართველი ხალხია“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება მეუფე ზენონის საკითხს, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ზენონი შეხვდა უწმინდესს და გადაწყდა, რომ დროებით ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა.

„კიდევ იყო მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, კითხვაზე, სინოდის სხდომაზე იყო თუ არა გელათის საკითხზე მსჯელობა, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „გელათთან დაკავშირებით ამ დღეებში შედგება კომისიის სხდომა. ეკლესიის პოზიცია იცით. ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ, ალბათ დიდი ხანია, გელათი ბევრის პასუხისმგებლობის საკითხია“.