საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი კვლავ გადაუჭრელია
საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო მოთმინებით ელოდება არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.
„გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი.
ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.
ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება.
„უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის; ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტობრივად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ ვაყენებთ.
ამიტომაც, საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას.
ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.
იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება“,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.