საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არც ერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც აღნიშნული ფაქტის შესახებ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი კაბაში შემოსილი პირი, მეორეს. უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არც ერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან.

დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.