საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში შეხვედრებს გამართავს, სადაც სამი მღვდელმთავარი რუსეთში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
საპატრიარქოს დელეგაციას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) თქმით, ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებენ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხს.
„ჩვენ მივიღებთ საზეიმო დღესასწაულზე მონაწილეობას. ვფიქრობ, იქნება შეხვედრა და აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფზე იქნება თუ არა საუბარი, ჯერ არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხს. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რამე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ (ჭუაძე).
ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხზე იქნება საუბარი.
„როდესაც რაღაც საკითხებია, რაღაც ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენც ეკლესიაში განვიხილავთ, სახელმწიფო ინტერესებსაც და ეკლესიის ინტერესებსაც უთანხმდებოდეს. რაღაც ტრაგიკულს ნუ ვხედვათ, თუ ვიღაც ვიღაცასთან დაილაპარაკებს. გააჩნია, რა შედეგები მოჰყვება. ჩვენც შევხედავთ. ის ჯგუფი მარტო არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ გადაწყვიტონ პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.
საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიემგზავრება.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა შეხვედრაზე ისაუბრეს.