საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.
ავსტრიის, ჩინეთის, გერმანიის, სინგაპურისა და იაპონიის დელეგაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ქართველი პარლამენტარები დღეს კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობას შეხვდებიან.
შეხვედრების მთავარი თემა ოკუპაცია, რუსეთის ქმედებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებია.
ყველა შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრები არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ აწვდიან კოლეგებს ინფორმაციას.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე ასამბლეა ჟენევაში იმართება. მასში გაერთიანებულია 178 წევრი და 12 ასოცირებული ორგანიზაცია.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.