ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას
ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ეს რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის დონეზე შეაფასოს, მათ შორის ასევე საერთაშორისო სასამართლოებში ამ საკითხის სრულფასოვანი განხილვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის. ჩვენი ეს პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ფორუმზე განუხრელად იქნება დაცული“,- აღნიშნა სამხარაძემ.

საპარლამენტთაშორისო კავშირმა ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში მოანწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება. პაპუაშვილმა რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.