საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი - ხვალ იქნება მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ თავად ევროპული სასამართლოსთვის
საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატები, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის თემაზე ბოლო ღია მოსმენისთვის ეზადებიან. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იტყობინება.
23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხდომა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ თბილისის დროით 11:00 საათისთვის დაიწყება. საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.
როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა განუცხადა, ხვალ იქნება მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ თავად ევროპული სასამართლოსთვის.
მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში მოუწევს მსჯელობა ადამიანის უფლებების მძიმე და მასობრივი დარღვევის ფაქტებზე.
„ჩვენ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია – მოსამართლეებს, ადვოკატებს, მხარეებს. ჩვენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურისტების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად ვმუშაობთ, რომ მაქიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მტკიცებულებას და ის სასამართლოს სრულყოფილად მივაწოდოთ“, – განაცხადა ბენ ემერსონმა.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი);
განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციებს მოგაწვდით.