საქართველოს პროკურატურა - რუსი ჰაკერის მოსკოვში ექსტრადირების პროცესი დროებით შეჩერდა, რადგან სააპელაციო სასამართლო მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე იმსჯელებს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის მოსკოვში ექსტრადირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ექსტრადირების ნაწილი უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა, თუმცა დროებით შეაჩერა, რადგან პარალელურად სააპელაციო სასამართლო სუმბაევისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს.
28 წლის იაროსლავ სუმბაევს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, ევგენია შიშიკინის მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც სუმბაევის მოსკოვისთვის გადაცემას ეხებოდა. რუსი ჰაკერის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ამასთან, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჰაკერის ექსტრადიციის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უფლებადამცველებმა საქმეში პოლიტიკური სარჩული იპოვეს. მათი ვერსიით, სუმბაევი რუსეთის მხრიდან სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.