საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა 
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა 

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის წევრს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სამუშაო საუზმის დროს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და სამომავლო ევროპული პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტრთან გამოხატა უკიდურესი შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი სამხედროს ტრაგიკული სიკვდილის გამო. ხაზი გაესვა იმ მზადყოფნას, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუციის მისაღებად გამოთქვეს, რომლის შემუშავებაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება.

გიორგი მარგველაშვილმა დევიდ მაკალისტერს მადლობა გადაუხადა იმ მკაფიო მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ევროპელი კანონმდებლებისგან აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.