სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.

სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.

ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათავო ოფისში დაშვება არ ექნებათ.

ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი ნატო-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის.