მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად ძალიან წარმატებული იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს.
„ერთმნიშვნელოვნად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
მისი თქმით, კიდევ ერთხელ აღინიშნა და ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს ერთგული პარტნიორი.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მხრიდან. გვაქვს ისტორიული შანსი, მოვახდინოთ ჩვენი წარმატების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა. 2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. განსაკუთრებით მიხარია, რომ ქალბატონ სალომეს, როგორც პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ისტორიულ პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.