საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში „ფოლკცვაგენის“ ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დრეზდენში „ფოლკცვაგენის“ (Volkswagen) ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი კონცეფცია, მწვანე ეკონომიკა, რომელიც სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებით თანდათან ჩანაცვლების წახალისებას გულისხმობს.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ პროცესში ისეთ მოწინავე ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას, როგორიც „ფოლკცვაგენია“ და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ბაზრით მათ კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებას.
დრეზდენში მდებარე ელექტრომობილების ქარხანაში, რომელიც 100 პროცენტით მწვანე ენერგიას მოიხმარს, პირველი მოდელი 2017 წელს ააწყვეს. ქარხნის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოების ტექნოლოგია და ელექტრომანქანების ტექნიკური მახასიათებლები მუდმივად იხვეწება“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.