საქართველოს პირველი არხის პროექტი „მასტერშეფი“ - მაყურებლის საყვარელი სატელევიზიო გადაცემა
ტელეაუდიტორიის კვლევის თანახმად, საქართველოს პირველი არხის პროექტი „მასტერშეფი“ მაყურებლის საყვარელი სატელევიზიო გადაცემაა. მონაცემების მიხედვით, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, „მასტერშეფი“ ყველაზე მეტად ახალგაზრდულ აუდიტორიას მოსწონს, პროექტი ყველაზე საყვარელ გადაცემად 18-25 წლის ასაკის მაყურებლების 27-მა პროცენტმა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხისთვის ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვა, როგორც სატელევიზიო, ასევე სხვა პლატფორმების საშუალებით და მისთვის მაღალი ხარისხის აუდიოვიზუალური პროდუქტის მიწოდება უმნიშვნელოვანესია.
რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სონარის“ მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის მიზანი იყო სატელევიზიო ბაზრის ფსიქო-მარკეტინგული სეგმენტაცია.
საქართველოს რვა ქალაქში (თბილისი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) გამოიკითხა 18 წლის და უფროსი ასაკის 2000 რესპონდენტი. კვლევის ჩატარების პერიოდი – 20.03.2022-28.05.2022. შერჩევა – სტრატიფიცირებული მარტივი შემთხვევითი. მაქსიმალური შერჩევის ცდომილება, 95%-იანი სანდოობის გარანტიით: 2.2 %.