საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რონალდ შტოირერი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციას დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, თბილისის მერი კახა კალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე
და სხვა თანამდებობის პირები.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე ასევე მიწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. იმელის შენობაში 159 ხმით რვის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია დღეს, 17:00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.