სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ
სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ

იმედი მაქვს, დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი, ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში

„იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარებისა და წინსვლის მაგალითი.

მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში.

მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად, რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წარსულში ქმნიდა საქართველოს სამართლის ძეგლებს და ამით ჩვენს სახელმწიფოს აშენებდა.

„პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც პირველ კონსტიტუციას აყალიბებდა, როგორც ჩვენი წინაპრები 1921 წელს, ასევე, მინდა აქ გავიხსენო მაშინ ცნობილი, დღეს ნაკლებად ცნობილი კონსტიტუციონალისტი და იურისტი, მიხეილ მუსხელიშვილი, რომელიც აყალიბებდა პირველ ევროპულ კონსტიტუციის ვერსიას, მართალია ფედერალური და ეს არ იქნა შენარჩუნებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ასეთი ადამიანებით.

მინდა ასევე, პატივი ვცე ყველა დღეს, აქ მოსულ კონსტიტუციონალისტები ვინც არიან, მათ ძალიან დიდი წვლილი ეკუთვნით ჩვენი კონსტიტუციის 1995 წლის და შემდგომ, ყველა ცვლილებების შექმნაში და ჩამოყალიბებაში და ეს არის ძალიან დიდი საქმე, რადგან ჩვენ კონსტიტუციიდან, კონსტიტუციაზე მივდივართ წინ, ვაყალიბებთ ახალ უფლებებს ამ კონსტიტუციაში, სოციალურ უფლებებს, ადამიანის უფლებებს და ვართ ამ კუთხით ასევე პროგრესული და ევროპელი ქვეყნებს შორის, ვიწერებით ამ მიზნით. კანონის უზენაესობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი პრინციპი არის ასეთი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ თქვენზე დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს, რომლებსაც, პრეზიდენტის თმით, აკისრიათ უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში.

„ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.