ირაკლი კობახიძე - შემიძლია, ოპოზიციას ავუხსნა, სად არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის
ირაკლი კობახიძე - შემიძლია, ოპოზიციას ავუხსნა, სად არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის

იურისტებს იმის არ ცოდნა არ ეპატიებათ, რომ „გერმანული მოდელი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არის, ოპოზიციას აუხსნას, სად არის წინააღმდეგობა „გერმანულ მოდელსა“ და კონსტიტუციას შორის.

„გერმანიაში სამი წელი ვსწავლობდი. ეს არის კაზუსი, რომელიც ამოიხსნება ხოლმე პირველი კურსის პირველ-მეორე ლექციებზე. არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნა იმას გვეუბნება, რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე ნებისმიერ პირთან მზად ვარ დისკუსიისთვის. მარტივი დასამტკიცებელია, რომ „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერთან. ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, პირველი კურსის მასალის დაძლევა გაუჭირდება. იურისტებს იმის არ ცოდნა არ ეპატიებათ, რომ „გერმანული მოდელი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. შემიძლია, ოპოზიციას ავუხსნა, სად არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო, ე.წ. გერმანული მოდელი შეიმუშავეს. მათი თქმით, ახალი მოდელი ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება, თუმცა მორგებულია ქართულ რეალობას, ითვალისწინებს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.