ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასრულდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასრულდა

საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასრულდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, კომისიას უკვე გაგზავნილი აქვს ოფიციალური წერილები შესაბამის უწყებებში და ელოდება შესაბამის მასალას, რომ თავად კომისიამ დაიწყოს გამოძიების პროცესში არსებული მასალების შესწავლა.

„სხდომაზე მივიღეთ კომისიის დებულება, რომელიც ორშაბათს ბიუროზე დამტკიცდება, გვეყოლება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, ამაზეც შევთანხმდით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ანრი ოხანაშვილი, მდივანი – ოთარ კახიძე. ჩვენ შემდეგ კვირაში ვიწყებთ კომისიის სხდომებს, ოღონდ ჩვენი აქტივობა პირდაპირ ბმაშია იმასთან, რამდენად სწრაფად მოვა ჩვენთან მასალები შსს-დან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. წერილები გაგზავნილია და ველოდებით უმოკლეს ვადაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სხდომა თითქმის საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.