საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის გადაწყვეტილებით, საკითხზე მომხსენებლად დეპუტატი ნინო გოგუაძე განისაზღვრა.

„დღევანდელი შეხვედრა, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებს შეეხებოდა. მათ შორის, ჯგუფის მუშაობის ფორმატს, დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევისა და ჩართვის წესებს, ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გაანალიზების საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჯგუფს სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება. ამიტომ, ჯგუფი ღიაა თანამშრომლობისთვის ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მკვლევრებთან, რომელთაც ამ სფეროში სასარგებლო გამოცდილება აქვთ დაგროვილი. მუშაობის პროცესში ასევე ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე.

„შეგახსენებთ, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატურ სამუშაო პროცესში ჩართვის თაობაზე დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა დაადასტურონ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 2 მარტისა და მიუთითონ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირი“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.