საქართველოს პარლამენტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე დადგენილების პროექტის მიღებას გეგმავს
საქართველოს პარლამენტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე დადგენილების პროექტის მიღებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე დადგენილების პროექტის მიღებას გეგმავს. დადგენილების პროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტმა 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდი შეისწავლა, გამოვლენილი ხარვეზები გაანალიზა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები დასახა. დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომიტეტის მიერ შესწავლილი იყო – თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგი, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტის შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია. მათ შორის, სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლების. ასევე კომიტეტის ცნობით, გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესული შემცირება.
დადებითი ტენდენციების გარდა, დოკუმენტში საუბარია გამოწვევებზეც. კერძოდ, დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევები საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ფიქსირდება, რაც ამ დაწესებულებებში გააქტიურებულ მონიტორინგს საჭიროებს.

„ასევე გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია, ეს კი გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს; აგრეთვე, გამოიკვეთა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით რეკლამირების ორგანიზებული შემთხვევები (სუპერმარკეტებში პრომოგოგონების საშუალებით თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაცია), რაც სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს წამახალისებელი ფაქტორი დარღვევების არეალის და მასშტაბის გაზრდისათვის. გამოვლინდა ინტერნეტრეკლამის, განსაკუთრებით, ელექტრონული სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და მათი აქსესუარების სოციალური და ინტერნეტქსელების მეშვეობით რეკლამირებისა და საცალო რეალიზაციის ფაქტები; ზემოაღნიშნული კომიტეტისთვის ყურადსაღებია, რათა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომავალში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის, ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია პროექტში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დოკუმენტში საუბარია საკანონმდებლო ხარვეზზეც და ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ხარვეზმა განაპირობა ხელით გასახვევი თამბაქოსა და ზოგადად, თუთუნის უკანონო რეალიზაციის ფაქტების არსებობა, რაც აქციზის გადასახადის განსხვავებული განაკვეთით არის განპირობებული, ეს პროდუქტი კი სავაჭრო ობიექტებში ძირითადად წარმოდგენილი ნედლეულის სახით, რომელიც არ იბეგრება.

„აღნიშნულის განმაპირობებელი ფაქტორებია: მასობრივად ხდება აქციზს დაქვემდებარებული საქონლის უკანონო რეალიზაცია, რომელიც გარკვეულ ფარგლებში ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა, ხოლო გარკვეული მოცულობის თამბაქოს პროდუქტის შემთხვევაში, შეიძლება, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კატეგორიაში გადავიდეს. ასევე, არ ხდება თუთუნის მარკირება და შეფუთვა იმდაგვარად, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით.

აგრეთვე, მასობრივად იყიდება უკვე შეკეთებული, ანუ, გამზადებული ხელით გასახვევი თამბაქო ღერების სახით და ამ შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 150 ლარს. გამოვლინდა ღერებით სიგარეტის გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც შემდგომ ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას მოითხოვს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ გამოიკვეთა ფაქტები, როცა თამბაქოს კანონმდებლობის ეფექტიანი დანერგვისა და თამბაქოსგან გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სოციალური რეკლამის განთავსებაზე, ზოგჯერ, ტელეარხები უარს ამბობენ მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მრავალგზის მიმართვის ფაქტების. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის კომიტეტი კანონის აღსრულების მდგომარეობას დადებითად აფასებს და ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი უწყებებისგან განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღებას ითხოვს. საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი 2017 წელს დაამტკიცა, ცვლილებების ნაწილი 2018 წლის მაისიდან ამოქმედდა.

კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე.