ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა
ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვის საკითხზე ჩატარებული მოკვლევის შესახებ ინფორმაცია და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს.

მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, კვლევის მიზანი საორგანიზაციო-ლოჯისტიკური ასპექტების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება იყო.

მისი ინფორმაციით, კვლევის პროცესში ჩართული იყო ჰოსპიტალური სექტორი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტრო. თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტის წევრები შეხვდნენ საოჯახო მედიცინის ცენტრების წარმომადგენლებსა და 112-ის სამსახურის ხელმძღვანელობას. კვლევის საფუძველზე, ძირითადად, ოთხი მიმართულება გამოიკვეთა, სადაც კონკრეტული გამოწვევები გამოიკვეთა.

„საკითხის შესწავლის საფუძველზე კომიტეტმა დღეისათვის საჭიროდ ჩათვალა, გასცეს ოთხი შემაჯამებელი რეკომენდაცია, რომლებიც უკავშირდება ადამიანურ რესურსების მობილობას, ინფექციების კონტროლს, „მაღალი ნაკადის სპონტანური სუნთქვის ნიღბების“ მარაგის მობილიზებას, სისხლის პროდუქტების მიწვდომადობის უზრუნველყოფას წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ შექმნას პოტენციურად დეფიციტური მაღალი პრიორიტეტის მედიკამენტების ხელუხლებელი მარაგი, რომლითაც ფარმა ქსელის მიერ მიწოდების შეფერხების პერიოდებში უზრუნველყოფს სამკურნალო პროცესების უწყვეტობა/უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტი მზადაა, სამინისტროსთან ითანამშრომლოს თითოეული რეკომენდაციის მიმართულებით კონკრეტული გეგმის შემუშავებაში, რათა ყველა პრობლემა მომავალში აღმოფხვრილიყოს.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს წარედგინება.