რამინ იდიგოვი - ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია
ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი მარიხუანას (კანაფი) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დასაბამი იქნება.
„როდესაც გარკვეული აკრძალვებია, ახალგაზრდებს უჩნდებათ ინტერესი, რომ გასინჯონ ეს ნივთიერება. ეს ფაქტი დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისათვის. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ახალგაზრდებსა და მათ მომავალს გავანადგურებთ. ბოლო პერიოდში, მხედველობაში მაქვს – აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უსაქმურობენ, არიან ქუჩაში და თუ დაშვებული იქნება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, მათ კიდევ მიეცემათ სტიმული, რომ გართობისკენ იყვნენ ორიენტირებულნი. ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში“, – აღნიშულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის განცხადებაში.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის განცხადება საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.