საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის ნდობის გამოცხადება სჭირდება
საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის ნდობის გამოცხადება სჭირდება

საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს.

ამასთანავე, კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი სამთავრობო პროგრამაც უნდა იყოს. აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტის მხრიდან ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. გარდა ამისა, იქედან გამომდინარე, რომ ორი სამინისტრო უქმდება, ცვლილებები კანონმდებლობაშიც იქნება საჭირო.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა როგორც კომიტეტების ფორმატში, ასევე ფრაქციების რეჟიმში წარიმართება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრობის კანდიდატები პლენარულ სხდომაზე წარსდგებიან, სადაც როგორც წესი, პოლიტიკური დებატები იმართება.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა 2016 წლის ნოემბრის ბოლოს გამოუცხადა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი 110 მომხრე ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

საქართველოს მთავრობაში ცვლილებების შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.