საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 105 გვერდიანია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად და გეგმაზომიერად აგრძელებს დასახულ რეფორმებს ერთიანი სამთავრობო ხედვისა და სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, რომელთა გრძელვადიანი მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სწორედ ამ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებს ემსახურება.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად.

„ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის, შავ ზღვაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მთავრობა აცხადებს, რომ მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

„კერძოდ, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები − ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა განვითარების ძირითადი ფუნდამენტია. შესაბამისად, მთავრობა, ამ მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანი რეალიზებისთვის, ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზებაზე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. გაგრძელდა არსებული და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. წარიმართა მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით. ინიცირდა და აქტიურ ფაზაში შევიდა რეფორმების ახალი ტალღა თავდაცვის ძალების მზაობის უზრუნველსაყოფად და პირადი შემადგენლობისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. გრძელდება მართლწესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური დაწესებულებების სისტემური განახლების პროცესი. მიმდინარეობს ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა და ამასთან, საფუძველი ჩაეყარა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი, გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ეკონომიკურ განვითარებაზე.

„2019 წელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იყო და 5.1% შეადგინა. მრავალი გამოწვევისა და რეგიონში დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში შენარჩუნდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის, განხორციელებული რეფორმებისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, შემცირდა უმუშევრობის დონე (11.6%) და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის გამოშვება – 18.6%-ით და მისმა წილმა ბიზნესსექტორის მთლიან გამოშვებაში 61.2% შეადგინა, რაც დადებითად აისახა მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლებზე. დაინიცირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის ახალი ფაზა, რომლის ფარგლებში 2019 წლის გეგმა შესრულდა 116.7%-ით და პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 78 217 120 ლარი. აქტიურ ფაზაშია შესული რეფორმები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის, ენერგეტიკის მიმართულებით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობა საუბრობს იმ ღონისძიებებზეც, რაც განათლების მიმართულებით განახორციელა.

„მთავრობა გეგმაზომიერად ახორციელებდა განათლების რეფორმას მის თითოეულ საფეხურზე. გაგრძელდა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის პროცესი. ზოგადი განათლების დონეზე, პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, გაგრძელდა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა საპილოტე სკოლებში (166 სკოლა). მიმდინარეობს მასწავლებელთა განვითარების პროგრამების გაუმჯობესება და მათი ხელფასების ზრდა. იზრდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. დაიწყო ახალგაზრდობის, როგორც ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვანი წყაროს, ფართო და სრულმასშტაბიანი რეფორმა”, – აცხადებს მთავრობა.

აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებით, უდავოა, რომ მთავრობის მნიშვნელოვან მიღწევებზე სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიო პანდემიამ.

„მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იყო ვირუსის გავრცელების პრევენციისა და საფრთხეების მინიმიზაციისკენ. ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უზრუნველყოფს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას, მათ სოციალურ მხარდაჭერას, მეწარმეების დახმარებას, ეკონომიკის ხელშეწყობას და ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას, კრიზისის შედეგების მაქსიმალური შემცირების მიზნით, აუცილებელი ფინანსური ნაკადების მოზიდვისთვის. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, საქართველომ მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. შედეგად, ქვეყანა დღეს COVID-19-თან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რასაც მრავალი საერთაშორისო შეფასებაც ადასტურებს”, – აცხადებს მთავრობა.