საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია შეიცვალოს
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია შეიცვალოს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომლის გათვალისწინებით, პრეზიდენტს მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია აღარ ექნება.

კერძოდ, ცვლილებებით, კომისიის დაკომპლექტების წესი იცვლება და კომისიის თავმჯდომარე იქნება სააგენტოს თანამშრომელი, კომისიის წევრი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი აღარ იქნება, სააგენტოს კი, ორი წარმომადგენელი ეყოლება. ასევე მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/დაკარგვის წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, კომისიის დადგენილებით განისაზღვრება.

ამასთან, ცვლილებებით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის შესაძლებელი აღარ იქნება პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შეცვლის საკითხზე ორივე მშობლის თანხმობის საჭიროება ზუსტდება.

კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ცვლილებების მომზადება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.