ვიკა ფილფანი – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების ყველა კონვენციას, რაც კი მსოფლიოში არსებობს
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო კანონპროექტი.
ფილფანის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ყველა კონვენციას, რაც კი მსოფლიოში არსებობს.
„ალბათ გაგვიჭირდება ისეთი ქვეყნების მოძებნა, სადაც ეს კანონი მოქმედებს, რადგან ეს ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებების მკაცრი და ფუნდამენტური დარღვევაა. ლოგიკურადაც წინააღმდეგობა მოდის ამ კანონში, რადგან მანიფესტაციას ის ადამიანები აწყობენ, რომლებსაც პროტესტი ხელისუფლების მიმართ აქვთ. ეს ადამიანები პროტესტს თუ გამოხატავენ, მაშინ მათ ხელისუფლებამ გამოხატვის დრო და ადგილი როგორ უნდა დაუდგინოს? ეს ხომ არგუმენტირებულადაც არ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში, რადგან ეს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას ეწინააღმდეგება. საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფაა, სამარცხვინო კანონპროექტია“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგი ცვლილებების მიხედვით, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.