შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერს ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ წარუდგინა, რომ შეუძლებელია, მილიონნახევრიან ქალაქზე 20 ადამიანი ძალადობდეს, შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერს ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ წარუდგინა, რომ შეუძლებელია, მილიონნახევრიან ქალაქზე 20 ადამიანი ძალადობდეს, შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი

შეუძლებელია, 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე. შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე.

„ეს არის რეაგირება იმ უკანონობაზე, რაც ხდება და, ამავე დროს, საზოგადოების მოთხოვნაზე. 4 ოქტომბერს მილიონ 105 ათასმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ წარუდგინა, რომ შეუძლებელია, 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე. შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი. ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს აზრი და პროტესტი. როდესაც არის მონაწილეთა ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე, პროტესტი გამოხატონ იქ. მონაწილეთა რაოდენობა თუ იმდენად დიდია, რომ ტროტუარი საკმარისი აღარ არის, მაშინ შეუძლიათ ქუჩის ტერიტორიის გამოყენება. თუმცა ახლა ვხედავთ, რომ გზებს კეტავენ ფეხებგაფარჩხული, რადგან არ ჰყოფნით ადამიანები. 20 ადამიანი ვერ იძალადებს მილიონნახევრიან ქალაქზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიც აჩვენებს, რომ ზოგჯერ ჯაჭვსაც ვერ კრავენ და ცდილობენ გზის გადაკეტვისთვის რაც შეიძლება გაიწელონ.

საკითხი მარტივია, ვინმეს უნდა პროტესტის გამოხატვა? კი ბატონო, გამოხატოს. კანონით განსაზღვრულია, რომ 20 ადამიანს არ აქვს უფლება, გადაკეტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. სწორედ ამიტომ შეგვაქვს ცვლილებები, რათა კანონს ყველა დაემორჩილოს. საზოგადოება თანხმდება, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი თუ არ არის, ქუჩის გადაკეტვა არ შეიძლება. რეგულაცია მკაფიოა, შესაბამისად, ვინც მას არღვევს, აუცილებელია, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ასეთ დანაშაულზე. ეს რეაგირება უნდა იყოს ისეთი, რომ ჰქონდეს პრევენციული დანიშნულება, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი დარღვევები. ვხედავთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა ამ პრევენციას, ამიტომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამკაცრდეს შესაბამისი პოლიტიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვლილებები შევა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლმდენი, მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა გამოიწვევს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.