საქართველოს მიერ რუსი დიპლომატისთვის ქვეყნის დასატოვებლად მიცემული ვადა ხვალ იწურება
საქართველოს მიერ რუსი დიპლომატისთვის ქვეყნის დასატოვებლად მიცემული ვადა ხვალ იწურება.
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში მომუშავე დიპლომატს საქართველო 7 დღის ვადაში უნდა დაეტოვებინა.
პირველი არხი დეტალების გასარკვევად შვეიცარიის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოში ამბობენ, რომ მანდატით დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში მოქმედებენ. მათ მანდატი საპროტესტო ნოტის მიღებასა და რუსეთის ინტერესთა სექციისთვის მის გადაცემას ავალდებულებდა.
საელჩოში განმარტავენ, რომ რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოს ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ საელჩო არ არის ჩართული რუსეთის ინტერესების სექციის და მათ შორის, არც კადრების მართვაში.
რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში 10 დიპლომატი მუშაობს.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა.