მარია ზახაროვა - რუსი დიპლომატების გაძევებაზე საპასუხო ზომები იქნება ადეკვატური 
მარია ზახაროვა - რუსი დიპლომატების გაძევებაზე საპასუხო ზომები იქნება ადეკვატური 

სოლიდარობა არ არის, როდესაც მხარდაჭერას გაიძულებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„სოლიდარობა არ არის მაშინ, როდესაც შენ გაიძულებენ მხარდაჭერას, როდესაც შენზე ზეწოლას ახორციელებენ. სოლიდარობაა, როდესაც სირთულეებისა და გარემოებების მიუხედავად, შენ თავად უჭერ მხარს. რა სოლიდარობაზე საუბრობთ? პირდაპირ ზეწოლაზე, მუქარაზე? ქვეყნები, რომლებიც არ შეუერთდნენ ამ აქციას, ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან არა მხოლოდ რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებსაც“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მოსკოვი რუსი დიპლომატების გაძევებაზე ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიიღებს.

„საპასუხო ზომები იქნება ადეკვატური. ამჟამად მათზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დროში გამოცხადდება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ნორმების დარღვევაში.

მისი თქმით, ლონდონის არ აძლევს რუს დიპლომატებს რუსეთის მთავარი სადაზვევრო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მონახულების საშუალებას და არ აწვდის რუსულ მხარეს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთს ამ დრომდე არ წარუდგენია სკრიპალის საქმესთან რუსეთის კავშირის მტკიცებულებები.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ. დღეს ერთი რუსი დიპლომატი საქართველოს მთავრობამაც გააძევა.