საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს.

საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ​ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე საპარლამენტო მანდატები გადაანაწილა.

რაც შეეხება პირველი სხდომის პროცედურულ ნაწილს, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცესკო არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კი შეიძლება, გაიხსნას, თუ მას დაესწრება ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი სიტყვას მისცემს პარლამენტის ასაკით უხუცეს წევრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება სხდომას.

ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, რომელთაგან რვა ოპოზიციური პარტიაა, ერთი „ქართული ოცნება“. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, 60 – ოპოზიციას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელისუფლების წინაშე საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.