საქართველოს მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის
საქართველოს მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში ხვალ დილიდან ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის რვა კერა საიდანაც ერთი ლოკალიზებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 250 ხანძრის კერა ტყესა და მინდვრებზე, მათგან 242 ლიკვიდირებულია.
„შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან.
რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი-წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოს სოფელ ზარათსა და ხონში, სოფელ ძეძილეთში. ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
ქედაში, სოფელ ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხის სოფელ ჯაღირაში, აბაშის სოფელ წყემში და მარტვილის სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში. წალენჯიხის სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოსა და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.