საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებში კიდევ ორი ბრაზილიელი ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 4 და 5 აპრილს ინგლისთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი ნატურალიზებული ბრაზილიელი ფეხბურთელი დაეხმარება: პირველი სიმი საიოტია, რომელიც ამჟამად რუსულ კლუბ „სიბირიაკში“ თამაშობს. მეორე კი და მატა ფეიტოსა თალესი სერბეთის ჩემპიონი კლუბის „ეკონომაცის“ წევრია.
შეგახსენებთ, რომ გუნდში პირველი ბრაზილიელი რონინიო და სილვა იყო, რომელმაც საქართველოს პასპორტი რამდენიმე წლის წინ აიღო.
ინგლისთან ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება. დღეს გამართულ ვარჯიშზე ზვიად კუპატაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), დავით კეფაშვილი (იმპერიალ ვეტ, რუმინეთი)
წინა ხაზი: კახა მაისაია, ნუკრი ჭუმბურიძე (ორივე – თელასი, თბილისი), ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე (ორივე – ლიდსელმაში, ბელარუსი), მურთაზ კაკაბაძე, გია ნიყვაშვილი (ორივე – ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), და მატა ფეიტოსა (ეკონომაცი, სერბეთი), ლევან კობაიძე (აგორა, თბილისი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი)
საქართველო-ინგლისის მატჩები 4 და 5 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და ორივე 19:00 საათზე დაიწყება – დასწრება უფასოა. 4 აპრილს მატჩის ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.