მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი | საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გასვლაზე ფინეთთან ქულები დაკარგა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი | საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გასვლაზე ფინეთთან ქულები დაკარგა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მეოთხე მატჩი ფინეთთან გამართა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 3:3.

7 ოქტომბერს ამ გუნდების დაპირისპირება თბილისში ჩვენმა გუნდმა 5:2 მოიგო. ამჯერად კი ფინეთის ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის გუნდს გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რაშიც დიდი როლი შვედმა არბიტრმა, დავიდ გლავონიჩმა ითამაშა, რომელიც ყველა სადავო ეპიზოდში გადაწყვეტილებას ფინელების სასარგებლოდ იღებდა.

მასპინძლებმა პირველივე წუთზე იუსტუს კუნასის გოლით დაწინაურება მოახერხეს. სულ რაღაც 18 წამში წონასწორობა ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა, ბრუნო გომესმა აღადგინა. შემდეგ იგივე განმეორედატუუკა პიკარაინენის გოლს საქართველოს ნაკრებმა მეორედაც უპასუხა – ზედიზედ მეორე შეხვედრაში ფინელებს ჩვენმა მეკარემ და კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ გაუტანა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში კუპატაძე დაშავდა და თორნიკე ბუკიამ შეცვალა, მაგრამ ჩვენი გუნდი ერთ-ერთი ლიდერის მოედნიდან გასვლამ არ გატეხა, 30-ე წუთზე კი ელისანდროს კარგი გადაცემის შემდეგ შაგინიამ გაიტანა და საქართველოს ნაკრები ამ დაპირისპირებაში პირველად დააწინაურა.

მატჩის მიწურულს ელისანდროს და შაგინიას საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს. გულშემატკივრების მხარდაჭერითა და უსამართლო მსაჯობით გამხნევებულმა ფინელებმა კი წუთ-ნახევრით ადრე ანგარიში ანრი ალამიკოტერვოს გოლით გაათანაბრეს და მატჩი ფრედ დასრულდა – 3:3.

ჩვენი გუნდი 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა და ფინეთს 4 ქულით ასწრებს.

ფინეთი – საქართველო 3:3

გოლები: 1:0 (1), 1:1 (2), 2:1 პიკარაინენი (7), 2:2 კუპატაძე (10), 2:3 შაგინია (30), 3:3 ალამიკოტერვო (38).