„საქართველოს ფოსტა“ ამანათებზე დაწესებულ ახალ 2-ლარიან გადასახადზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე ახალი 2-ლარიანი გადასახადი დააწესა. კომპანიის ცნობით, საუბარია საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურების ღირებულებაზე.
ახალ გადასახადთან დაკავშირებით მომხმარებელთა უკმაყოფილებას „საქართველოს ფოსტამ“ სპეციალური განცხადებით უპასუხა. კომპანიაში ამბობენ, რომ გადასახადი საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებას უკავშირდება.
„კომპანიისთვის მეტად მტკივნეული იყო ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა განპირობებული იყო საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებებით, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვიეს „საქართველოს ფოსტის“ დანახარჯების ზრდა გარკვეული ტიპის (საქონლის შემცველი საერთაშორისო გზავნილები) საფოსტო გზავნილების მომსახურებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს საფოსტო ოპერატორს, რომლის ფუნქციაც არის საფოსტო გზავნილების მიღება, დახარისხება და ჩაბარება. საფოსტო რეგულაციების მიხედვით, საფოსტო გზავნილად მიიჩნევა ერთი პირის მიერ მეორესთვის (მიუხედავად იმისა ნივთი მეგობრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთია) საფოსტო ქსელის გამოყენებით გაგზავნილი ნივთი, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულებისაა ის. სწორედ აღნიშნული გახლავთ იმის მიზეზი, რომ საფასური დაწესდა, არა გზავნილის შიგთავსის ღირებულების მიხედვით, არამედ თითოეულ გზავნილზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებთან, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორები და მათ შორის „საქართველოს ფოსტაც“ ახორციელებს თავის საქმიანობას.
„რაც შეეხება, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით გამოთმულ პრეტენზიებს, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ მაქსიმალურად ცდილობს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის მიერ გამოთქმული შენიშვნა თუ პრეტენზია, რამეთუ ის გვეხმარება მომსახურების ხარისხის უფრო მეტად გაუმჯობესებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.