საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში, საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ატაცში მან მესამე ცდაზე 171 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი დაიმსახურა.

ირაკლი ჩხეიძე აკვრაშიც პირველ ადგილზე გავიდა, მისი შედეგი 211 კილოგრამი იყო და ორჭიდის ჯამშიც 382 კილოგრამით მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

რევაზ დავითაძე ატაცში დაძლეული 164 კილოგრამით საუკეთესო იყო და ოქროს მედალიც დაიმსახურა, აკვრაში კი შედეგად 192 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში კი 356 კილოგრამი დააფიქსირა და წელს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველობა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც იზეიმა.