დაზღვევის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება წელს უკვე მეორედ იმართება
დაზღვევის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება წელს უკვე მეორედ იმართება

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობით, საქართველოში უკვე მეორედ, 2 მაისს დაზღვევის დღე აღინიშნება.

1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს. სწორედ ეს დღე გახდა საიუბილეო თარიღი დაზღვევის დღის აღსანიშნავად. ამასთან, წელს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ათი წლის იუბილესაც აღნიშნავს.

დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის თქმით, ზედამხედველობის სამსახური მუშაობს, რომ საზოგადოებაში დაზღვევის კულტურა და ცნობიერება ამაღლდეს, რისთვისაც ვრცელდება ბუკლეტები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.

„ევროპაში ბევრი სავალდებულო დაზღვევაა, მაგალითად, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელზე მუშაობაც საქართველოში დაწყებულია. ასევე, ვმუშაობთ მშენებელთა და არქიტექტორთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე. როცა ადამიანი აზღვევს სახლს, მან იცის, რომ თუ, მაგალითად, წყალი ჩამოუვა, ზარალი დაზღვეული იქნება. ეს ძვირი არ ღირს და ამით მოქალაქე დაცულია. ასევეა ავტომობილის, ჯანმრთელობის დაზღვევა. საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული. ავტომფლობელები ვერ აცნობიერებენ, რომ როცა მანქანა გყავს, ისევე როგორც საწვავს ყიდულობ და ასხამ ან საბურავს ცვლი, ასეთივე აუცილებელია მანქანის დაზღვევა“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში იმართება წიგნის – „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი“ პრეზენტაცია. ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ღონისძიებას სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.