საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39 პროცენტით გაიზარდა
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39 პროცენტით გაიზარდა და 55 490 შეადგინა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის 56 პროცენტი ქართველია, ხოლო 44 პროცენტი უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16 პროცენტით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88 პროცენტით.
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.
2018 წლის 3 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა – თბილისის ეროვნულ პარკში, პრომეთეს მღვიმეში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სათაფლიაში.
ამასთან, ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში.