საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას გიორგი ჭირაქაძის ნაცვლად სოსო ფხაკაძე შეასრულებს
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას გიორგი ჭირაქაძის ნაცვლად სოსო ფხაკაძე შეასრულებს

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის მაგივრად აღნიშნულ მოვალეობას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე შეასრულებს. ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„საქართველოს ბიზნესასოციაციაში ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე, მე ყოველთვის მჯეროდა, ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ერთი მთავარი პრინციპით – საქართველოს ბიზნესასოციაცია უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ერთ, ორ, ან რამდენიმე ადამიანზე. მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია – დღეს ჩვენი ბიზნეს გაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, ქვეყანაში გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები“,  – აღნიშნავს გიორგი ჭირაქაძე.

მისივე თქმით, გაერთიანების არსებობის ათი წლის თავზე, ასოციაციის წევრთა რაოდენობა (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, ასოციაცია კი, არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერია.

„ალბათ, ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემის მხრივ, გადავდგა ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მხოლოდ წაადგება საქართველოს ბიზნესასოციაციის შემდგომ განვითარებასა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებებს. მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და, რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

რაც შეეხება სოსო ფხაკაძეს, ის 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნესასოციაციის დაარსების დღიდან, იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. 2011 წელს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე არჩეულ იქნა ასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად.

სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ასევე დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული „ბიზნესის უმაღლესი სკოლა“. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.