„საქართველოს ბიზნესასოციაცია“ თხევადი აირის იმპორტის დაბეგვრაში არსებული ხარვეზების გასწორებას ითხოვს
„საქართველოს ბიზნესასოციაცია“ თხევადი აირის იმპორტის დაბეგვრაში არსებული ხარვეზების გასწორებას ითხოვს

„საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია“ თხევადი აირის იმპორტზე დაბეგვრის არსებული რეჟიმის უფრო სამართლიანი ფორმით შეცვლას ითხოვს, რომელიც ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტში სათანადო თანხებს შეიტანს და მეორე მხრივ ბაზარზე სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში თხევადი აირის დაბეგრვაში არსებული ხარვეზები განიხილეს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებ და ამასთან, ბაზარზე სამართლიან კონკურენციას არღვევს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, „საქართველოს ბიზნესასოციაციამ“ პარლამენტს ინიციატივით მიმართა.

მიშველაძის განმარტებით, ასოციაცია ერთი მხრივ თხევადი აირის იმპორტის დაბეგვრის ჩვეულებრივის ორეტაპიანი რეჟიმების გაერთიანებას, მეორე მხრივ კი უაქციზო სასაქონლო კოდის დაბეგვრის რეჟიმში მოთავსებას ითხოვს.

„ზოგადად თხევად აირთან მიმართებაში ორი ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი პრობლემა უკავშირდება ჩვეულებრივ დაბეგვრად რეჟიმს, ოღონდ საუბარია ორეტაპიან დაბეგვარზე, სადაც ყველა იხდის პირველი ეტაპის გადასახადს. თუმცა მეორე ეტაპის გადასახადი, რომელიც აღემატება პირველი ეტაპისას, პირველში 120, მეორეში კი 180 ლარია, რომელიც მეწარმე სუბიექტმა უნდა გადაიხადოს ავტოტრანსპორტში თხევადი გაზის მიწოდების შემთხვევაში. აქ ფიქსირდება პრობლემები. ამ კუთხით შენატანი უმნიშვნელოა, საერთო იმპორტიდან ამ ტიპის გადასახდის გადახდა დაახლოებით 20 პროცენტის ფარგლებში ხდება, რაც თვალსაჩინოდ მიუთითებს, რომ ხდება მეორე ეტაპის გადასახადისაგან თავის არიდება, რაც რთული მისახვედრი არ არის – სოლიდური თანხა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს. მეორე შემთხვევაში გახლავთ უაქციზო კოდზე განხორციელებული იმპორტი. ჩვენ დაახლოებით თვენახევარია ამაზე ვმუშაობთ და აღნიშნული იმპორტის დინამიკა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. თუკი 2016 წელს ე.წ. უაქციზო კოდზე მხოლოდ დაახლოებით ტონანახევარი პროდუქტი იყო იმპორტირებული, 2017-ში დაახლოებით 840 ტონა, 2019-ში იმპორტის მაჩვენებელი თითქმის 13 ათასი ტონაზე ავიდა. ბუნებრივია, ასეთი მზარდი ტრენდი კითხვებს აჩენს, რა ტიპის ნავთობპროდუქტზეა საუბარი, რომლის მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც ქვეყანაში ასეთი ტემპით იზრდება ისე, რომ ამ ტიპის პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში ბიუჯეტში ნული გადასახდი შედის. ეს გახლავთ უაქციზო კოდი. ეს დინამიკა გრძელდება მიმდინარე წელსაც. 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი უაქციზო კოდზე იმპორტის კუთხით დაახლოებით 3 700 ტონა გახლავთ, მათ შორის მარტისთვის – 1 700 ტონა. ანუ მარტში, როდესაც მთელი სანავთობო ინდუსტრია პრაქტიკულად გაჩერებული იყო და მათი რეალიზაციები მინიმალური, უაქციზო კოდზე ისე, რომ სახელმწიფო ბიუეჯეტი არავითარ გადასახადს არ იღებს, იმპორტი საგრძნობლად არის გაზრდილი. ამან დააჩქარა ჩვენი ინიციატივა, რომ მიგვემართა პარლამენტისთვის“, – განცხადა მიშველაძემ.

მისი თქმით, უაქციზო კოდის გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესებსაც არღვევს. 

„აქ საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ იღებს კუთვნილ თანხებს, საუბარი გახლავთ იმაზეც, რომ კეთილსინდისიერი მეწარმეები პრაქტიკულად არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებიან, რადგან ვსაუბრობთ პროდუქტზე, რომელიც საბოლოო ეტაპზე ავტოტრანსპორტს, საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება როგორც თხევადი აირი. არ შეიძლება, რომ არსებობდეს ერთი მხრივ საბოლოო პროდუქტის მიწოდების კუთხით დაბეგვრადი კოდი, მეორე მხრივ – უაქციზო და დაუბეგრავი კოდი და მეწარმეები ასეთ საკმაოდ სოლიდურ სხვაობაში იყვნენ კონკურენტული გარემოს კუთხით. საქმე ისაა, რომ კეთილსინდისიერი მეწარმე და მეწარმე, რომელიც თხევადი აირის პროდუქტს ახორციელებს, ბუნებრივია ორივე ორიენტირებულია, რომ გადასახადი გადახდილი იყოს სრულად, როგორც პირველ, ასევე მეორე ეტაპზე. არა მგონია, რომ საბოლოო ჯამში უაქციზო კოდისკენ გააკეთონ ორიენტირი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინიციატივა უნდა შეეხოს არა მხოლოდ იმას, რომ ორი ეტაპი გაერთიანდეს და ერთი გადასახდი დაწესდეს, როგორც სხვა დანარჩენ ნავთობპროდუქტებზე გახლავთ ამ კონკრეტული ნავთობპროდუქტის შემთხვევაშიც. ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაიბეგროს ე.წ. უაქციზო კოდი იდენტური ოდენობის აქციზის ღირებულებით“, – განაცხადა მიშველაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსთან უკვე ფაქტობრივად შეთანხმებულია და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის განხილვის პროცესშია, რადგან საქმე ყოველდღიურ საბიუჯეტო დანაკარგებს ეხება, მიშველაძე ვარაუდობს, რომ ინიციატივის მიღება დროში არ გაიწელება და პრობლემა დროულად მოგვარდება.

„ბიუჯეტი მიიღებს კუთვნილ თანხებს, ხოლო საქართველოს სანავთობო ბაზარი მიიღებს კონკურენტულ გარემოს, რაც მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო ფართო სპექტრით მოახდინონ მსგავსი პროდუქტის იმპორტი, რაც ბუნებრივია ფასებზეც აისახება. ანუ კონკურენციის შექმნა ბაზარზე ბუნებრივია ხელს შეუწყობს იმას, რომ ფასები არათუ არ გაიზარდოს, არამედ არსებული რეალობისაგან განსხვავებით შეიძლება შენარჩუნდეს ამ ნიშნულზე, ან გაიაფდეს. თუმცა ეს მხოლოდ პროგნოზია და ვნახოთ, რეალობა რას გვაჩვენებს“, -განუცხადა შავლეგ მიშველაძემ „ბიზნესპარტნიორს“.