საწარმოო დანაკარგების დაბეგვრის თემაზე ბიზნესასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საწარმოო დანაკარგების დაბეგვრის თემაზე ბიზნესასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნესასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის, საწარმოო დანაკარგების დაბეგვრის პრობლემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. ღია საწყობის პრინციპით მოქმედი საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტებში სურსათის ბუნებრივ დანაკარგებთან და ხარისხების არევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, კონკრეტულად კი, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავებული და შეჯერებული ერთიანი წინადადებები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა რეგულაციის გავრცელების ობიექტს და არეალს, ასევე დანაკარგის ოდენობას და მისი დაანგარიშების პრინციპებს.

„შეხვედრაზე, დანაკარგების ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენს მიერ მომზადებული წინადადებები განვიხილეთ ერთობლივად და წარვუდგინეთ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს. მათი მხრიდან კი, მივიღეთ დაპირება, რომ შეთავაზებული წინადადებების შემოსავლების სამსახურის დანაკარგების კომისიის ფორმატში სათანადოდ განხილვის შემდგომ, გაგრძელდება საკითხის ირგვლივ სამუშაო ჯგუფის ფორმატში კონსულტაციები და მსჯელობები საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.