ლაშა პაპაშვილი - არსებული სიტუაცია ლარისთვის მძიმე წნეხია
ლაშა პაპაშვილი - არსებული სიტუაცია ლარისთვის მძიმე წნეხია

ლარის კურსთან დაკავშირებით ახლო მომავალში საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა და მინისტრების მონაწლეობით გაიმართება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, ლარის კურსი ძირითადი განსახილველი თემა იყო.

„შეხვედრაზე ძირითადი საკითხი იყო თემა, რომელიც ყველა ქართველს აწუხებს, ეს არის ლარის კურსი. ჩვენ ამ თემაზე ფინანსთა მინისტრი დაგვპირდა, რომ სხვა მინისტრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად შეგვხვდება უახლოეს დროში. ეს არ არის ადვილი თემა, ისედაც მძიმე წნეხია ლარისთვის არსებული სიტუაცია. რაღაც პერიოდი ეროვნულმა ბანკმა თავი უნდა შეიკავოს დამატებითი შესყიდვებისგან, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ეს ლარს კი არ აუფასურებს, ანგრევს“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავაც მონაწილეობენ.