საქართველოს ბიზნესასოციაცია ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებული ცვლილებების გადავადებას და კონსულტაციებს ითხოვს
საქართველოს ბიზნესასოციაცია ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებული ცვლილებების გადავადებას და კონსულტაციებს ითხოვს

საქართველოს ბიზნესასოციაცია ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დამატებით კონსულტაციებს ითხოვს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების ამოქმედება უნდა გადავადდეს.

ბიზნესასოციაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N162 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც მნიშვნელოვნად იცვლება იმპორტიორთა მიერ გადასახადის გადახდის ვადა, რაც თავის მხრივ ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს, საქართველოს ბიზნესასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედების ვადა ამ ეტაპზე გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო გარემოსა და საგადასახადო ადმინისტრირების მუდმივი გაუმჯობესების ფონზე, ვფიქრობთ ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლის და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ, საოპერაციო საქმიანობაზე“, –  აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაცია.

ამასთან, ასოციაცია მიიჩნევს, რომ ბრძანებაში ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევია.

„შესაბამისად, იმედი გვაქვს, დაიწყება ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი და კონსულტაციები აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.

დატოვე კომენტარი