საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პირველი არხის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ ერთვება
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პირველი არხის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ ერთვება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ერთვება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, უკრაინის საქართველოს პირველი არხისა და წითელი ჯვრის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“, – ამის შესახებ აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაში.

ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანიებსა და ბიზნესსექტორს მარათონში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მოძმე უკრაინელების დასახმარებლად, რადგან ამ უმძიმეს წუთებში მათ განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა, გამხნევება და სოლიდარობა. საქართველო და უკრაინა ყოველთვის გამოირჩეოდა თბილი და მეგობრული ურთიერთობებით; დღეს მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართულ ბიზნესს აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ მარათონში, ვინაიდან ერთად ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ ძმებს, იმ ადამიანების, რომლებიც ახლა უდიდესი განსაცდელის წინაშე იმყოფებიან.

ამ ბრუტალურმა და სისხლისმღვრელმა ომმა, განსაკუთრებული გავლენა იქონია უკრაინულ ოჯახებზე, ისინი სახლ-კარისა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების გარეშე დარჩნენ.

დარწმუნებული ვართ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესოპერატორები და ზოგადად, მოსახლეობა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, რადგან ახლა დროა გავერთიანდეთ სიკეთისთვის და იმ უმთავრესი ღირებულებისთვის, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ტელემარათონი პირველ მარტს, 22:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, SMS-ის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება. თანხა წითელი ჯვრის მეშვეობით გადაერიცხება უშუალოდ ომის მიმდინარეობისას დაზარალებულებს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა.