საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა გუნდმა დასკვნითი შეკრება დაიწყო
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნითი შეკრება დაიწყეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში დასკვნითი ეტაპის პირველ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი და რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა მოჭიდავეც წაიყვანეს.
გუნდის ლიდერები კი, რომლებსაც უკვე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებად განიხილავენ, 22-დან 25 მარტის ჩათვლით სოფიაში იჭიდავებენ. სამი დღის განმავლობაში ბულგარეთის დედაქალაქი სამივე სახეობაში დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მემორიალის მასპინძელი იქნება.
ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ შეკრებას გაივლის, ტურნირებში კი, მონაწილეობას აღარ მიიღებს. კონტინენტის პირველობა 27-28 აპრილს რუსეთში, კონკრეტულად კი დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ჩატარდება.